26 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისში, ვარდების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე 1000 მშობლის მარში გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა და მარში ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.
"ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად. 26 თებერვალს, 17:00 საათზე შემოგვიერთდი "1000 მშობლის მარშზე".
თბილისში მოდი ვარდების მოედანზე, რათა კანცელარიის წინ სახელმწიფოს საჯაროდ გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნები:
- შეცვალეთ! სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
- შექმენით! პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
- გახადეთ! ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
- გაზარდეთ! ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
- დადგეს! ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. გარდაცვლილის გოგოს ბაბუის თქმით, თვითმკვლელობამდე გოგონაზე ორჯერ იძალადეს.
მისი თქმით, პირველი ინციდენტის დროს, გარდაცვლილს ინფორმაცია საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც არ მიუწოდებია. მეორე შემთხვევა 2020 წლის დეკემბერში მოხდა, რის მერეც, გოგონას ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
სამართალდამცველებმა კი, სავარაუდო დამნაშავე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა.
გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".
მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო.
დაკავებული კაცის დედა კი ამბობს, რომ ბავშვზე ბაბუა ძალადობდა, ხოლო მის შვილს "თითი არ დაუკარებია".
ბრალდებულს აღნიშნულ საქმეზე წინასწარი პატიმრობა 13 თებერვალს შეეფარდა.